საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი მუშაობს ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კომპლექსურ კვლევაზე, რაც მოიცავს წინა-სასკოლო, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას და სისტემური გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების გენერირებას.
მოცემული შუალედური ანგარიში აღნიშნული კვლევის ერთი ნაწილის, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედი საშეღავათო პოლიტიკის საკვანძო ასპექტის - „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ შედეგებს მიმოიხილავს. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, ვინც არაქართულენოვანი სკოლა ან სექტორი დაამთავრა. მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
კვლევამ ცხადყო, რომ პროგრამას მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები აქვს, განსაკუთრებით სტუდენტების ჩართულობის კუთხით. ანგარიშში ასევე აღწერილია მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მისი შინაარსისა და სტრუქტურის, ისე ხელმისაწვდომობისა და ინტეგრაციის საკითხებთან.