TIMSS კვლევის მიზანია მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევების შეფასება. საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებულ კვლევას საქართველოში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ატარებს.
საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები.
2024 წელს ჩატარდა TIMSS-ის 2023 წლის ციკლის ლონგიტიდური (გრძელვადიანი, განმეორებითი) კვლევა. კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ მოსწავლეთა მიღწევების პროგრესი და შევისწავლოთ ის გარემო ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
ტესტირება ჩატარდა 2024 წლის მაისის და ივნისის თვეებში. შერჩეული კლასის მოსწავლეებმა შეავსეს ტესტი და მოსწავლის კითხვარი. შესაბამისი კითხვარები შეავსეს კვლევაში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა. კვლევა ჩატარდა ელექტრონული ფორმატით.
მონაცემთა ანალიზი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ხორციელდება. კვლევის შედეგები 2025 წელს გახდება ცნობილი.