


PISA - მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა
PISA (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელსაც OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ყოველ სამი წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა აფასებს 15 წლის მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნარებს, რათა შეაფასოს, რამდენად ეფექტურად შეუძლიათ მათ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
ტრადიციული ფართომასშტაბიანი შეფასებებისგან განსხვავებით PISA ყურადღებას ამახვილებს კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლებაზე, სადაც ფასდება მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და რთული ინფორმაციის ანალიზის უნარები. კვლევის შედეგები ეხმარება განათლების პოლიტიკის შემქმნელებს, მასწავლებლებსა და მკვლევრებს გაანალიზონ საგანმანათლებლო სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები და დაგეგმონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეფორმები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
PISA საქართველოში
PISA საქართველოში პირველად 2009 წელს ჩატარდა და მას მერე 3 ციკლში მიიღო მონაწილეობა. PISA შემდეგი კვლევა 2025 წელს არის დაგეგმილი და მას საქართველოში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ახორციელებს. აღნიშნული კვლევის საცდელი ტესტირება 2024 წლის აპრილსა და მაისში, ელექტრონულად ჩატარდა, ძირითადი კვლევის ჩატარება 2025 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად სკოლები შემთხვევითი წესით შეირჩა PISA-ს სკოლების შერჩევაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციის (Westat) მიერ.


