


PIRLS - მოსწავლეთა წიგნიერების საერთაშორისო კვლევა
PIRLS-ი (Progress in International Reading Literacy Study) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო შედარებითი, განმეორებითი კვლევაა, რომელსაც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) ატარებს. IEA აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის კვლევით ინსტიტუციებს და 1959 წლიდან ატარებს საერთაშორისო კვლევებს მოსწავლეების მიღწევების შეფასების მიზნით.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევა 2001 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანასა და 11-მდე რეგიონში. კვლევის დიზაინის შექმნის, მონაცემების დამუშავებისა და თარგმანის პროცესში მონაწილეობას იღებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: ბოსტონ კოლეჯის საერთაშორისო კვლევების ცენტრი (აშშ), საგანმანათლებლო შეფასებების ცენტრი ETS (აშშ), საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (გერმანია და ნიდერლანდები), Statistics Canada (კანადა).
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიზანია მოსწავლეების კითხვის უნარის შეფასება მისი განვითარების საკვანძო საფეხურზე - როდესაც მოსწავლე კითხვის სწავლის ეტაპიდან გადადის იმ ეტაპზე, როდესაც კითხულობს, რათა ისწავლოს. კითხვაში მოსწავლეთა მიღწევების შეფასება ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში განათლების პოლიტიკის წარმმართველ და გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუციებს აწვდის საყურადღებო ინფორმაციას საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობის შესახებ და ხელს უწყობს გასაუმჯობესებელი ასპექტების იდენტიფიცირებაში. დროთა განმავლობაში კითხვის სწავლების მონიტორინგისა და შეფასების მეშვეობით, ვიღებთ ინფორმაციას, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეებს თვითეფექტურ მკითხველებად ჩამოყალიბებაში შეგვიძლია დავეხმაროთ.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის ფარგლებში მოსწავლეთა მიღწევები კითხვაში ორი ძირითადი მიმართულებით ფასდება. ესენია ლიტერატურული გამოცდილების მიღება და ინფორმაციის მოძიება და გამოყენება. შესაბამისად, კვლევაში 2 ტიპის ტექსტებია გამოყენებული - საინფორმაციო და მხატვრული ტექსტები.
კვლევაში წაკითხულის გააზრების ოთხი სხვადასხვა პროცესი ფასდება, რომლებიც აუცილებელია ლიტერატურული და საინფორმაციო ტექსტების გასაგებად და ინტერპრეტაციისათვის. ეს პროცესებია:
-
ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე ფოკუსირება და პოვნა;
-
ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება;
-
აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება;
-
შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება.
მეოთხეკლასელი მოსწავლეები კითხვის უნარების დიდ ნაწილს, ჩვეულებრივ, მრავალნაირ გარემოში − სკოლასა და სახლში, სხვადასხვა საკლასო ოთახსა და მასწავლებელთან − ითვისებენ. ამიტომ წიგნიერების საერთაშორისო კვლევა მოსწავლეთა კითხვის უნარების განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების კომპლექსურად შესწავლას ისახავს მიზანად - კითხვაში მოსწავლეთა მიღწევებთან ერთად, გროვდება მონაცემები სწავლასა და კითხვაზე მოქმედი ისეთი კონტექსტუალური ფაქტორების შესახებ, როგორებიცაა თავად საგანმანათლებლო სისტემა, სკოლის რესურსები, მოსწავლეთა დამოკიდებულებები, სწავლების პრაქტიკები, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და მხარდამჭერი გარემო სახლში.
PIRLS საქართველოში
საქართველო PIRLS-ში 2006 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2011, 2016, 2021 წლების კვლევებში მიიღო მონაწილეობა. 2024 წლიდან საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევას საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უძღვება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მზადება 2026 წლის ციკლისათვის. 2026 წლის ციკლი გამორჩეულია - მოსწავლეთა ტესტირება და გამოკითხვა, ასევე, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების გამოკითხვა პირველად ტარდება სრულად ონლაინ ფორმატით.
2025 წლის პირველი აპრილიდან 16 აპრილამდე PIRLS 2026-ის ფარგლებში საქართველოს 27 სკოლაში საპილოტე ტესტირება ტარდება. 2026 წელს კი კვლევის ძირითად ეტაპში მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტი სკოლა მიიღებს.
2024 წელს ჩატარდა TIMSS-ის 2023 წლის ციკლის ლონგიტიდური (გრძელვადიანი, განმეორებითი) კვლევა. კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ მოსწავლეთა მიღწევების პროგრესი და შევისწავლოთ ის გარემო ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
ტესტირება ჩატარდა 2024 წლის მაისის და ივნისის თვეებში. შერჩეული კლასის მოსწავლეებმა შეავსეს ტესტი და მოსწავლის კითხვარი. შესაბამისი კითხვარები შეავსეს კვლევაში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა. კვლევა ჩატარდა ელექტრონული ფორმgატით.
მონაცემთა ანალიზი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ხორციელდება. კვლევის შედეგები 2025 წელს გახდება ცნობილი.


