top of page

2025 წელს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა სკოლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ პლატფორმა შესთავაზა საქართველოს ყველა სკოლას.


პლატფორმა სამ მიმართულებას აერთიანებს:


ტესტების ლაბორატორია უზრუნველყოფს საერთაშორისო შეფასებებში (PIRLS, TIMSS, PISA) გამოყენებულ თუ მსგავს, ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილ ტესტურ დავალებებზე თანაბარ წვდომას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის; სამომავლოდ ამ მიმართულებით სკოლის პედაგოგების ჩართვა იგეგმება.


უკუკავშირის სისტემა სკოლებს მიაწვდის პერსონიფიცირებულ უკუკავშირს, რაც შესაძლებლობას მისცემს სკოლას, სანდო მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოს ცვლილებები სასწავლო პროცესში და გააუმჯობესოს შესაბამისი მიმართულებები.


დამატებითი რესურსების სივრცე, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო კვლევებსა და მათ შედეგებს გააცნობს სასკოლო საზოგადოებას, არამედ დიდ ყურადღებას დაუთმობს კვლევის შედეგების სკოლის დონეზე გამოყენების საუკეთესო პრაქტიკების განხილვას.


პლატფორმის პილოტირება მარტისა და აპრილის თვეში შედგა. პილოტირების პროცესში საქართველოს პრაქტიკულად ყველა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.


პილოტირების შედეგების ანალიზი პლატფორმის გაუმჯობესებისა და მომხმარებლების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგების შესაძლებლობაა.


სკოლების მხარდამჭერი პლატფორმის მიზანია, იქცეს სივრცედ, რომელიც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი იქნება სკოლებისათვის, მოსწავლეთა ოჯახებისათვის.


პლატფორმა სკოლებთან, განათლების სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით განვითარდება.


ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.


ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.


საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კვლევაში 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთვებიან.

კითხვარის ბმულს სტუდენტები მიიღებენ ელექტრონული ფოსტის ან უნივერსიტეტის შიდა საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით.


2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტები, სურვილის შემთხვევაში, გათამაშებაში ჩაერთვებიან. გათამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.


დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/


კითხვებით გვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge


ევროსტუდენტის კვლევას საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ატარებს.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი მუშაობს ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კომპლექსურ კვლევაზე, რაც მოიცავს წინა-სასკოლო, სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროგრამებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას და სისტემური გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების გენერირებას.


მოცემული შუალედური ანგარიში აღნიშნული კვლევის ერთი ნაწილის, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მოქმედი საშეღავათო პოლიტიკის საკვანძო ასპექტის - „ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ შედეგებს მიმოიხილავს. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, ვინც არაქართულენოვანი სკოლა ან სექტორი დაამთავრა. მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.


კვლევამ ცხადყო, რომ პროგრამას მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები აქვს, განსაკუთრებით სტუდენტების ჩართულობის კუთხით. ანგარიშში ასევე აღწერილია მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მისი შინაარსისა და სტრუქტურის, ისე ხელმისაწვდომობისა და ინტეგრაციის საკითხებთან.













bottom of page