TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა. ის შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. კვლევას უძღვება საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) - დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ შორის: ბოსტონის კოლეჯის IEA-ს TIMSS-ისა და PIRLS-ის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (აშშ), IEA ჰამბურგი (გერმანია), IEA ამსტერდამი (ნიდერლანდები).
TIMSS-ის კვლევა პირველად 1995 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო კვლევაში 2007 წლიდან იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, კვლევის 2023 წლის ციკლის ანალიზისას ჩვენ საშუალება გვაქვს დავინახოთ, როგორია ჩვენი მოსწავლეების მიღწევების დინამიკა 2007 წლიდან დღემდე.
TIMSS-ის კვლევა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს:
შეაფასონ თავისი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში;
მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სწავლის გარემოსა და იმ კონტექსტუალურ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებასა თუ შეფერხებაზე;
შეადარონ მათი მოსწავლეების მიღწევები სხვა ქვეყნების მოსწავლეების შედეგებს; გაეცნონ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკებს;
გამოიყენეონ კვლევის შედეგები სწავლების უფრო ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის.
კვლევის ფორმატი: 2019 წლიდან ეტაპობრივად გადავიდა კვლევის ელექტრონულად ჩატარებაზე და კვლევის 2023 წლის ციკლში თითქმის ყველა მოსწავლემ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოსწავლეებმა, ტესტურ დავალებებსა და კითხვარზე ელექტრონულად იმუშავეს.
TIMSS 2023-ში მონაწილე ქვეყნები
TIMSS-ის კვლევის სამიზნე პოპულაცია მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. ქვეყნების ნაწილში კვლევაში მონაწილეობენ ორივე საფეხურის მოსწავლეები, ნაწილში კი - მხოლოდ რომელიმე კლასი. საქართველოს შემთხვევაში კვლევაში ჩართული იყვნენ როგორც მე-4, ასევე მე-8 კლასის მოსწავლეები.
TIMSS-ის 2023 წლის კვლევაში მონაწილეობდა:
მე-4 კლასი: 59 ქვეყნისა და 6 რეგიონის (ზოგიერთ ქვეყანაში კვლევაში ჩართული იყო მხოლოდ რომელიმე რეგიონი) 12 016 სკოლის 359 098 მეოთხეკლასელი მოსწავლე.
მე-8 კლასი: 44 ქვეყნისა და 3 რეგიონის 8 786 სკოლის 297 262 მერვეკლასელი მოსწავლე.